თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სამშაბათს ნატოს მისია საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასების საკითხებში (ANP - Annual National Programme) ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურში.
მისიის წევრები შეხვედრებს იმ სახელმწიფო უწყებებში გამართავენ, რომლებიც ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების პროცესში არიან ამოქმედებულები.
ეს, ქვეყნისთვის ”ყოველწლიური ეროვნული პროგრამის” მიღების შემდეგ, ალიანსის შემფასებელი მისიის მეორე ვიზიტია საქართველოში. გადაწყვეტილება ANP-ის დამტკიცების შესახებ, რომლითაც საქართველოსთვის მოქმედებების დეტალური გეგმა განისაზღვრება, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიიღეს.