ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დაელოდოს კომისიის ანგარიშს

გამოწერა
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დაელოდოს კომისიის ანგარიშს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მესამე, საბოლოო მოსმენით დეპუტატების მიერ მის დამტკიცებამდე.

 

თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დაელოდოს კომისიის ანგარიშს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მესამე, საბოლოო მოსმენით დეპუტატების მიერ მის დამტკიცებამდე, აღნიშნულია ვენეციის კომისიის განცხადებაში, რომელიც ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა კომისიის მომხსენებლების რიგი წინასწარი რეკომენდაციები კონსტიტუციის პროექტის მომზადების დროს, მომავალი ეფექტური თანამშრომლობისთვის მთავარია, რომ საქართველოს პარლამენტი დაელოდოს საბოლოო დასკვნას და საკონსტიტუციო შესწორებების საბოლოო მიღებამდე გაითვალისწინოს ის”, - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

ვენეციის კომისია თავის მოხსენებაში კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს პარლამენტის როლი.

”სასურველი იქნებოდა, რომ პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებისთვის უზრუნველყოფილ იქნას კონსტიტუციაში დებულება მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, განსაკუთრებით მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის თაობაზე და პარლამენტის უფლებამოსილებაზე ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში”, - აღნიშნავს ვენეციის კომისია.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მთლიანობაში ის მიესალმება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს და საქართველოს წინსვლას საპრეზიდენტო ხელისუფლების ინსტიტუტიდან მართვის შერეულ სისტემამდე.

ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დამტკიცებას აპირებს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა, წარმოადგენს „შერეული მმართველობის ფორმას“. ახალი დოკუმენტი არსებითად აძლიერებს მთავრობის როლს, კერძოდ, პრეზიდენტის რიგი უფლებები პრემიერ–მინისტრს გადაეცემა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემოღება 2013 წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვასთან და მის მიერ პრემიერის პოსტის დაკავების სურვილთან დაკავშირებით ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0