თბილისი, 11 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები საქართველოსთვის ფულადი სახსრების მოცულობას გაზრდიან, განაცხადა ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურმა ნიკოლოზ გილაურის აშშ-ში ვიზიტის შედეგების მიხედვით.
ამასთან, პრეს-სამსახური არ ასახელებს არანაირ თანხას ან კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც შეიძლება დაფინანსების გაზრდის პრეტენდენტები იყოს.
გასულ კვირაში დელეგაცია გილაურის ხელმძღვანელობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდა.
პრემიერ-მინისტრმა რიგი შეხვედრები გამართა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან ტიმოტი გეიტნერთან.
”ამ ვიზიტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი - ესაა პოლიტიკური მხარდაჭერის გამყარება, რაც მკაფიოდ გამოვლინდა, მეორე მიზანია მუშაობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საკუთარ პროექტებს თავად აფინანსებენ და მესამე - ორგანიზაციები, რომლებიც კერძო სექტორზე მუშაობენ...მოხარული ვარ, რომ ყველა მიზანი მიღწეულია”, - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ვიზიტი წარმატებული იყო.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ პირადად მოუწოდა.
”ვნახავთ, რამდენად აქტიურები იქნებიან მომავალ წელს ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრეს-სამსახურის მონაცემებით, ნიკოლოზ გილაური საქართველოში 13 ოქტომბერს დაბრუნდება.