თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ევროპელი დეპუტატები საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს დადებითად აფასებენ, აღნიშნულია წლიურ წინასწარ მოხსენებაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქრათველოს საკითხებში მაიკლ იენსენმა მოამზადა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ხუთშაბათს.
მოხსენება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის ან საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
”თუ საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებს გავიხსენებთ, პროგრესი სახეზეა”, - განაცხადა იენსენმა. მისი თქმით, ”ქართულ ოპოზიციას არჩევნების პროცესისადმი სერიოზული პრეტენზიები არ წაუყენებია”. ”ეს დემოკრატია და წინსვლაა”, - განაცხადა მომხსენებელმა.
იენსენის თქმით, საქართველოში ასევე სახეზეა ვითარების გაუმჯობესება მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით და პენიტენცირულ სისტემაში.
”საქართველო წინ მიიწევს - ამ ქვეყნის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, - აღნიშნა იენსენმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ”საპარლამენტო უმრავლესობის” ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ”მოხსენებაში შენიშვნებიც არის”.
”მოხსენებაში არის შენიშვნებიც და მითითებებიც, რაზეც მუშაობას და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას ვაპირებთ”, - განაცხადა დეპუტატმა.
მანამდე, ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე თანამომხსენებლების საინფორმაციო მოხსენების მასალების მიხედვით გამოქვეყნებული იყო სტატია ”საქართველოს დემოკრატიზაცია გრძელდება”.