სტალინის ძეგლის ადგილზე მომავალი მემორიალის პროექტები ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი

გამოწერა
18 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში და სტალინური რეპრესიების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ესკიზური პროექტები გამოიფინება.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 18 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში და სტალინური რეპრესიების დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ესკიზური პროექტები გამოიფინება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში. 

პროექტების გამოფენა 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ივნისში ესკიზურ პროექტზე კონკურსის პირობები გამოაცხადა, რომელიც გორში, სტალინის დემონტირებული ძეგლის ადგილზე დაიდგმება.

გორის ცენტრალურ მოედანზე მდგარი სტალინის ძეგლი 24 ივნისს ღამე აიღეს.

მომავალი მემორიალის პროექტზე კონკურსი გამოაცხადა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და გორის მუნიციპალიტეტმა.

კონკურსის პირობების თანახმად, მემორიალის შექმნის ხარჯები 300 ათას ლარს არ უნდა აღმატებოდეს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული საუკეთესო პროექტისთვის ერთჯერადი პრემიის სახით 10 ათას ლარს მიიღებს.

კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი მოედნის არქიტექტურას უნდა ეხამებოდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს მიმდებარე შენობები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ პროფესიონალ მოქანდაკეებს, არქიტექტორებს, მხატვრებს, ასევე არადიპლომირებულ სპეციალისტებს ჯგუფური პროექტის წარდგენის შემთხვევაში.

კონკურსი ერთი ტურად იმართება და ჩატარებულად არანაკლებ სამი პროექტის წარდგენის შემთხვევაში ჩაითვლება.

საუკეთესო პროექტი 2010 წლის 1 ნოემბრამდე გამოვლინდება.

ყველა ახალი ამბავი
0