საქართველო ჟენევაში საკითხს დევნილების დაბრუნების შესახებ კვლავ დააყენებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
14 ოქტომბერს დანიშნული ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი თემა დევნილების დაბრუნება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებაა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 14 ოქტომბერს დანიშნული ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი თემა დევნილების დაბრუნება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევაში მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ თანათავმჯდომარეები სტუმრობენ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს და ცდილობენ მხარეების პოზიციების დაახლოებას. გასული კვირის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდნენ თანათავმჯდომარეები - პიერ მორელი ევროკავშირიდან, ეუთოდან – ბოლატ ნურგალიევი და გაეროდან – ანტი ტურუნენი. 

”მოლაპარაკებების მთავარი თემაა დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და გაფართოებულ ფორმატში  საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამომუშავება”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ”მთავარია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებზე დიდ პროგრესს მიაღწიონ”.

”იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებზე წინსვლა გვექნება... სამწუხაროდ, აქამდე ჟენევის მოლაპარაკებები დიდი პოზიტიურობით არ გამოირჩეოდა... მაგრამ, მთავარია, რომ შენარჩუნდეს დისკუსიების ეს ფორმატი”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქნა მოწვეული ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს შუამდგომლობით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, თბილისის, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობით. მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება და ორ სამუშაო ჯგუფად მიმდინარეობს, რომლებშიც, შესაბამისად, დაკავებულები არიან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებით და ჰუმანიტარული საკითხით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0