ქართველმა მოჭადრაკეებმა 2010 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები აიღეს

გამოწერა
ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) კვირას, 3 ოქტომბერს დასრულებულ 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მესამე საპრიზო ადგილი აიღო.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, მურად ალაშვილი. ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) კვირას, 3 ოქტომბერს დასრულებულ 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელიც მონაწილეების რაოდენობის მხრივ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მესამე საპრიზო ადგილი აიღო.

ორი კვირის განმავლობაში გრანდიოზული საჭადრაკო პაექრობა 650-ზე მეტ საჭადრაკო დაფაზე მიმდინარეობდა. შეჯიბრში სტარტი აიღო 264-მა გუნდმა (159 - მამაკაცთა და 119 - ქალთა), რომლებიც 149 ქვეყანას წარმოადგენდნენ. ოლიმპიადაზე რეიტინგებით მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშიდან 19 ჩავიდა.

შეჯიბრის დასკნითმა, მე-11 ტურმა მონაწილე გუნდები ახლებურად განალაგა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირის დასაწყისში ფავორიტ გუნდად ითვლებოდა, პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ყაიმის (2:2) მერე საკუთარი ოლიმპიური ტიტული რუს მოჭადრაკეებთან დათმო.

ქართველმა სპორტსმენებმა კუბის, აშშ-ის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად 16 ქულა მოიპოვეს, მაგრამ დამატებითი უკეთესი მაჩვენებლების მეშვეობით მესამე ადგილზე გავიდნენ.

ძალიან კარგად გამოვიდა რუსეთის ქალთა ნაკრები, რომელმაც 11-ვე მატჩი მოიგო და ოქროს მედლები ვადამდე მოიპოვა. რუსებმა გამარჯვება ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრევე მოიპოვეს, მაგრამ გამარჯვებულები არ მოდუნდნენ და მეორე რუსულ გუნდს დასკვნით ტურში მოუგეს - 2,5:1,5.

ვერცხლის მედლები ჩინელმა მოჭადრაკე ქალებმა მოიგეს. ბოლო ტურში მათ გამარჯვება უკრაინის გუნდთან მოიპოვეს - 3:1.

ქალთა გუნდების საუკეთესო ათეული ამგვარად გამოიყურება:

1. რუსეთი 1 - 22 ქულა;

2. ჩინეთი - 18;

3. საქართველო - 16;

4. კუბა - 16;

5. აშშ - 16;

6. პოლონეთი - 16;

7. აზერბაიჯანი - 16;

8. ბულგარეთი - 16;

9. უკრაინა - 15;

10. რუსეთი -2.

[14:10:46] mira: ტურნირის უძლიერესი ნაკრები მამაკაცთა შორის უნდა გამოევლინა შეჯიბრის მე-11 ტურს. შედეგად, რუსებმა, რომლებმაც ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაში ქულები გაიყვეს, ვერ შეძლეს კონკურენციის გაწევა უკრაინის ნაკრებისთვის, რომელიც ახალი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. რუსი მოჭადრაკეები გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. 

მესამე-მეოთხე ადგილები გაიყვეს ისრაელისა და უნგრეთის ნაკრებმა გუნდებმა. დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ, ბრინჯაოს მედლები ისრაელელ სპორტსმენებს გადაეცათ.

საქართველოს ნაკრებმა, ბოლო შეხვედრაში მარცხი განიცადა ინდოეთის ნაკრებთან ანგარიშით 1,5:2,5 და 13 ქულით 30-ე ადგილზე აღმოჩნდა. 

მამაკაცთა შორის გუნდები შემდეგნაირად განთავსდნენ:

1. უკრაინა - 19 ქულა;

2. რუსეთი-1 - 18;

3. ისარელი - 17;

4. უნგრეთი - 17;

5-10. ჩინეთი, რუსეთი-2, სომხეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი (16-16 ქულა).

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო თასი, რომელიც ტრადიციულად მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდების სუმარული შედეგის საფუძველზე გადაიცემა, მოიპოვა რუსეთი-1-ის ნაკრებმა გუნდმა, რომელმაც ამ მაჩვენებლებით აჯობა ჩინეთსა  და საქართველოს, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

როგორც ოლიმპიადა-2010-ის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ხანტი-მანსიისკის ოლიმპიადაში დასკვნითი წერტილი დასვა ტურნირის დახურვის ლამაზმა ცერემონიამ, რომელიც ”არენა იუგრას” ყინულის სასახლეში გაიმართა. ხუთი ათასი მაყურებელი მიესალმა შეჯიბრის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს. 

გაფრინდაშვილის სახელობის თასი გამარჯვებულ რუსეთის გუნდს ფიდეს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კირსან ილიუმჟინოვმა გადასცა.

ვერა მენჩიკის თასი, რომელიც ქალთა შორის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ხოლმე, რუსეთის ნაკრების კაპიტანს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის  თავმჯდომარემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა გადასცა. 

ბოლოს დააჯილდოვეს ღია სესიის გამარჯვებულები. პრიზიორებს მედლები გადასცა იუგრის გუბერნატორმა ნატალია კომაროვამ. გამარჯვებულებს - უკრაინის ნაკრების მოჭადრაკეებს - გადაეცათ ჰამილტონ-რასელას საერთაშორისო თასი.

მომდევნო მე-40 მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ორი წლის შემდეგ სტამბულში (თურქეთი) გაიმართება. 

საჭადრაკო ბატალიების პარალელურად გაიმართა ფიდეს მე-18 კონგრესი, რომლის ფარგლებშიც შედგა ორგანიზაციის ხელმძღვანელობის არჩევნები, ასევე კონტინენტალური საჭადრაკო ფედერაციების პრეზიდენტების არჩევნები. ფიდეს პრეზიდენტად უახლოესი ოთხი წლის ვადით კვლავ აირჩიეს კირსან ილიუმჟინოვი, რომელმაც კენჭისყრის შედეგად, თავის ოპონენტს - მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ანატოლი კარპოვს აჯობა.


ყველა ახალი ამბავი
0