თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. რუსეთს ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა არ გამოსდის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ერევანში ვიზიტის შესახებ კომენტარისას.
3–4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს სტუმრობს.
”ქვეყნებს შორის მაღალი რანგის გახშირებული ვიზიტები მიუთითებს, რომ ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით კარგ ვითარებაშია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბზარის შეტანას ცდილობს... მაგრამ ეს მცდელობები ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ნეგატიურად არ აისახება”, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საქართველოს და სომხეთს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და ”მომავალში ძალზედ საინტერესო ეკონომიკური პროექტები იგეგმება”.
სომხური მასმედიის ინფორმაციით, ერევანში ვაშაძე შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს. მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს.