თბილისი რამდენიმე კვირის განმავლობაში თეატრით იცხოვრებს

გამოწერა
თბილისში მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნინო წითლანაძე. თბილისში მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.

წითელი ფარდაგი, უამრავი ჟურნალისტი და შტრაუსის ვალსი - ასეთი ანტურაჟით გაიხსნა სამშაბათს საღამოს თბილისში მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. სამი კვირის განმავლობაში დედაქალაქი თეატრალური ცხოვრების ეპიცენტრი გახდება.

ისევე, როგორც გასულ წელს, ახლაც ფესტივალის ორგანიზატორები თბილისელ მაყურებელს ნამდვილ თეატრალურ ზეიმს პირდებიან. ფესტივალი თბილისის ყველა თეატრალურ მოედანს მოიცავს.

როგორც ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა აღნიშნა, ორგანიზატორები თავიანთ მთავარ მიზნად ქართული კულტურის და თეატრის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებას ხედავენ.

”გვინდა, რომ ფესტივალის საშუალებით რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ - თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობები, ხელოვნების ფორმები, მაყურებელი, ფასეულობები, აზრები... მიგვაჩნია, რომ  თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კომუნიკაციის განსაკუთრებული, შესანიშნავი ფორმა გახდება და სწორედ ეს იქნება მისი მთავარი დანიშნულება”, - აღნიშნა მაზმიშვილმა.

სპექტაკლები 29 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ქართული შოუ-კეისი დღეს 12.00 საათზე ზურაბ გეწაძის სპექტაკლით ”7 პატარა პიესა” დაიწყო. ის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში 35 ქართული სპექტაკლი შევიდა.

წელს დიდი ყურადღება ეთმობა რეგიონულ თეატრებს. საკუთარ დადგმებს წარმოადგენენ ოზურგეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ჭიათურის, ცხინვალის და სხვა მუნიციპალური თეატრები.

ქართული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხმაურიანი პრემიერები, მათ შორის ”დეკამერონი” ლევან წულაძის დადგმით, რეჟისორ დავით დოიაშვილის ”სირანო დე ბერჟერაკი”, თემურ ჩხეიძის ”მოლი სუინი”.

საერთაშორისო პროგრამა 3 ოქტომბერს ოსკარ კორშუნოვასის ”ჰამლეტით” გაიხსნება. შექსპირის ამ უკვდავ ნაწარმოებს სულ ოთხი თეატრი წარმოადგენს - საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში კიდევ ეიმუნტას ნეკროშიუსი, საქართველო წარმოადგენს პირველ ქალ-ჰამლეტს, რომელსაც ქეთევან ცხაკაია შეასრულებს, ასევე ნაჩვენები იქნება ”ჩრდილების თეატრის” სპექტაკლი.

საერთაშორისო პროგრამის უეჭველ მარგალიტებად ორგანიზატორები იტალიური ”პიკოლო ტეატროს” ლეგენდარულ სპექტაკლს ”არლეკინი, ორი ბატონის მსახური” ასახელებენ, ასევე ირანულ სპექტაკლს ”როსტამი და ზოჰრაბი”. სულ საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილია 12 ქვეყნის 12 დადგმა.

რუსეთი წარმოდგენილია ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სპექტაკლით ”კოპენჰაგენი”, რომელშიც მონაწილეობენ ოლეგ ბასილაშვილი, მარია ლავროვა და ვალერი დეგტიარი. რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე. 

ძირითადი პროგრამის გარდა დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, მასტერ-კლასები და სიმპოზიუმი თეატრალური კრიტიკოსებისთვის.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წლის მაისში თბილისის მერიის მიერ დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0