თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს ხელისუფლება გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ზომებს კვლავ ამკაცრებს, განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ.
მთავრობამ სხდომაზე მხარი დაუჭირა შესწორებებს და დამატებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც საზოგადოებრივი ადგილების დაბინძურებისთვის ახალი ჯარიმის შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, მინისტრის თქმით, ტრანსპორტიდან ქუჩაში ნაგვის გადმოგდებისთვის 200 ლარის ოდენობის ჯარიმას მანქანის მძღოლი გადაიხდის.
”თუ ავტომობილიდან გადმოაგდებენ ქაღალდს, ნამწვს ან რაიმე მსგავსს, მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაგავი თავად მას არ გადაუგდია”, - განაცხადა ხაჩიძემ.
დარღვევებზე კონტროლს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები განახორციელებენ.
რაც შეეხება ორშაბათიდან, 27 სექტემბრიდან შემოღებულ ჯარიმებს საზოგადოებრივი ადგილების დანაგვიანებისთვის (ფიზიკური პირებისთვის 200 ლარის ოდენობით და იურიდიული პირებისთვის - 1000 ლარის ოდენობით), მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ დღეში უკვე დაახლოებით 150 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ადმინისტრირება მკაცრად განხორციელდება და იგი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან კანონის ნორმები.