თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. რუსულმა კინოგაქირავებამ, 20 წლის პაუზის შემდეგ, ქართული ფილმის ჩვენების უფლება შეიძინა - კინოთეატრებში დაიწყო ლევან კოღუაშვილის სოციალური დრამის ”ქუჩის დღეების” ჩვენება. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცნობეს.
”ევროპის ფესტივალებზე წარმატებების შემდეგ რუსმა, კანადელმა და ამერიკელმა დისტრიბუტორებმა კოღუაშვილის ფილმი შეიძინეს”, - აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა.
ფილმი ”ქუჩის დღეები” წელს წარდგენილი იყო როტერდამის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. ვისბადენის (გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო ფილმისთვის მთავარი პრიზი - ”ოქროს ლილია” მიიღო.
”20-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კინოწარმოება რუსულ კინოგაქირავებაში ხვდება. მოსკოვის კინოფესტივალის დირექტორმა ფილმი შეაფასა, როგორც ”ახალი ტალღა ქართულ კინოში”, - აღნიშნეს კინემატოგრაფიის ცენტრში.
ფილმის ბიუჯეტია 700 ათასი აშშ დოლარი, მათ შორის 500 ათასი ლარი - ეროვნული კინოცენტრის სუბსიდია.
როლებში არიან: გუგა კოტეტიშვილი, ზურაბ ბეგალიშვილი, გიორგი ყიფშიძე, ზაზა კოლელიშვილი, ნიკომოზ მარი, გაგა ჩიხლაძე, ეკა ჩხეიძე, ზურაბ შარია, ირაკლი რამიშვილი, ლევან ჟივიძე, პაატა ხეთაგური, რუსიკო კობიაშვილი, თამრიკო მელიქიშვილი, ზაზა სალია და სხვები.
ფილმის სიუჟეტი: ფილმის მთავარი გმირისგან, 45 წლის ნარკომანისგან კორუმპირებული პოლიციელები მაღალჩინოსანი მეგობრის შვილის დაბეზღებას ითხოვენ. თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება, პრაქტიკულად, დასრულდება.