პროკურატურამ დააკავა პირები, რომლებმაც ბიუჯეტს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენეს

გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლებმა დააკავეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც ბრალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მრავალმილიონიანი ზარალის მიყენებაში.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლებმა დააკავეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც ბრალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მრავალმილიონიანი ზარალის მიყენებაში. 

”მათ მიერ ხდებოდა იმ კომპანიების შერჩევა, რომლებიც სახელმწიფოს დაკვეთით აწარმოებდნენ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს და გამიზნული ჰქონდათ გადასახადების დამალვა. მას შემდეგ, რაც ეს კომპანიები სრულად მიიღებდნენ ბიუჯეტიდან თანხებს და წარმოეშობოდათ გადასახადის გადახდის ვალდებულება, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მეშვეობით, კომპანიას ფიქტიურად ყიდულობდა საგანგებოდ შერჩეული პირი, რომელიც დაავადებული იყო უკურნებელი სენით, ან იყო აბსოლიტურად უპოვარი. შესაბამისად, საგადასახადო სამსახურს არ ჰქონდა თანხის ამოღების არანაირი შესაძლებლობა”, - იუწყება პროკურატურის პრეს-სამსახური. 

მაგალითისთვის პროკურატურას მოჰყავს შემთხვევა: ”ამ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, შპს ”ტექნოტექსის” წარმომადგენლებმა ლევან აბდალაძემ და რამაზ ძნელაძემ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოყოფილი 3 100 000 ლარიდან მიითვისეს 500 000 ლარი, შემდგომში კი კომპანია, რომელსაც დაუგროვდა 600 ათასი ლარის  საბიუჯეტო დავალიანება, კონსტანტინე ბოგვერაძის, ადვოკატების გრიგოლ ხმელიძის და ზვიად გადელიას დახმარებით, ფიქტიურად გადააფორმეს მძიმე ავადმყოფ მურმან ცერცვაძეზე. შედეგად ბიუჯეტს მიადგა 1 100 000 ლარის ზიანი”.

წინასწარი ინფორმაციით, ამ ჯგუფის მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებულია სულ 5 700 000 ლარის ზიანი.

 

საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.


ყველა ახალი ამბავი
0