საქართველოს მთავრობა ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას არ იცავს - არასამთავრობო ორგანიზაცია

გამოწერა
საქართველოს მთავრობის მუშაობა რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კონფერენციაზე ”2008 წლის აგვისტოს ომი - ორი წლისთავი” განიხილეს.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს მთავრობის მუშაობა რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კონფერენციაზე ”2008 წლის აგვისტოს ომი - ორი წლისთავი” განიხილეს. კონფერენცია ხუთშაბათს სასტუმრო Radisson SAS Iveria-ში გაიმართა და მისი ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიოორიტეტი”, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ლია მუხაშავრიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევები და ანალიზი მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს ეხება, რომელიც ომის შემდეგ მშობლიურ სახლებს დაუბრუნდა და ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობს.

”ამ ადამიანების ქონებრივი და საშემოსავლო მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ მთავრობისთვის რიგი რეკომენდაციები შევიმუშავეთ და შესაბამისი უწყებებისთვის მათ გაგზავნას ვაპირებთ”, - აღნიშნა მუხაშავრიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები მოსახლეობის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ომამდე და ომის შემდეგ. გამოკითხვა გორის რაიონის სოფლებში, გამყოფი ხაზის გასწვრივ განლაგებულ სოფლებში - ერგნეთში, ტყვიავში, კარბში, მერეთში, გუგუთიანთკარში და კოშკაში ჩატარდა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ომამდე მინიმალური წლიური შემოსავალი 1 ათას ლარამდე ჰქონდა გამოკითხულთა 11%-ს, 4 ათას ლარამდე - 51%-ს, ხოლო მეტი - 34%-ს, მაგრამ ომის შემდეგ, ახლა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, ამჟამად მინიმალური წლიური შემოსავალი 1 ათას ლარამდე აქვს გამოკითხულთა 51%-ს, 4 ათას ლარამდე - 40%-ს, ხოლო 4 ათასს ზევით - რესპონდენტთა მხოლოდ 4%-ს.

პროგრამის კოორდინატორის ნინო ციხისთავის განცხადებით, წლიური შემოსავალი 1 ათასი ლარის ოდენობით ნიშნავს, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარს არ აჭარბებს მაშინ, როდესაც, მიმდინარე წლის აგვისტოს სტატისტიკური მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 250 ლარს შეადგენს.

ამასთან, გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ ისინი ბევრად უარეს პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე ომამდე, ხოლო 31% საკუთარ ყოფით პირობებს აფასებს, როგორც აუტანელს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 64% აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიყენებული ზარალი არანაირად აუნაზღაურებია და მხოლოდ 1% მიიჩნევს ზარალს სრულად კომპენსირებულად, დანარჩენებს ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდათ.

ნინო ციხისთავმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა აქტიურად საუბრობს სახელმწიფო დახმარების და კომპენსაციის უსამართლო და დისკრიმინაციულ გადანაწილებაზე, კერძოდ, ამის შესახებ გამოკითხულთა 63% აცხადებს.

”დახმარების განაწილების ძირითადი კრიტერიუმი იყო ნაცნობობა, ნათესაური კავშირები და ა. შ. ამასთან, 75% აცხადებს, რომ განკუთვნილი დახმარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა”, - აღნიშნა ციხისთავმა და შეაჯამა, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების პროცესი ორი წლის მანძილზე მხოლოდ ნაწილობრივ და სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე მოიწვიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ მათ კონფერენცია უგულებელჰყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0