ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს ოქრუაშვილთან კვლავ აგრძელებენ

გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან კვლავ აგრძელებენ. ოქრუაშვილთან კონსულტაციები ჟენევაში მიმდინარეობს.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან კვლავ აგრძელებენ. ოქრუაშვილთან კონსულტაციები ჟენევაში მიმდინარეობს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საზოგადოებრივი მოძრაობის ”დაიცავი საქართველოს” პრეს-სამსახურში, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს. 

პრეს-სამსახურის მონაცემებით, ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებში, ლევან გაჩეჩილაძის გარდა, ასევე მონაწილეობენ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი და ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი კოკა გუნცაძე.

”ჟენევის კონსულტაციები პოლიტიკური ხასიათისაა”, - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა და დეტალების გახმოვანებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსულტაციების მონაწილეები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

საერთო კონსულტაციებს წინ პარიზში ირაკლი ოქრუაშვილის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა უძღოდა.

მანამდე ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციები ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა გამართა, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პარტიას „სამართლიანი საქართველოსთვის“.  ზაფხულში ნოღაიდელი და ოქრუაშვილი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და ქართულ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ამასთან, ორი პოლიტიკოსის აზრით, ახალ გაერთიანებას უნდა გააჩნდეს ერთიანი სტრუქტურები და ქვეყანას და საზოგადოებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა უნდა შესთავაზოს.

ყველა ახალი ამბავი
0