ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში საქალაქო სამსახურების დარღვევები გამოავლინა

გამოწერა
ოპოზიცია თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ხელმძღვანელობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ტენდერების ჩატარებისას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და მერისგან, გიგი უგულავასგან პასუხს მოითხოვს.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ოპოზიცია თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ხელმძღვანელობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ტენდერების ჩატარებისას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და მერისგან, გიგი უგულავასგან პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

აბაშიძის თქმით, საკრებულოს სარევიზიო კომისიამ, კონტროლის პალატის მასალებზე დაყრდნობით, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის 2008-2009 წლების საბიუჯეტო ხარჯების ანალიზი ჩაატარა და გამოავლინა, რომ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების დიდი ნაწილი ფიქტიურია.

”ჩვენ გამოვავლინეთ, რომ ტენდერები კონკურენციის გარეშე ტარდებოდა და ძირითადად ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებდნენ, რომლებიც ბიუჯეტიდან მრავალათასიანი და მილიონობით თანხებით ფინანსდებოდნენ და ამასთან, ეს სამუშაო უხარისხოდ სრულდებოდა”, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

კერძოდ,  ”თავისუფალი დემოკრატები” ამტკიცებენ, რომ 2008-2009 წლებში ”კონკურენციის გარეშე გამარჯვებული” აღმოჩნდა ათი კომპანია, რომელთაც ბიუჯეტიდან მთლიანობაში 12 მილიონი ლარი მიიღეს.

”სარევიზიო კომისიის მასალების თანახმად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მოქმედებს სქემა, რომელიც უკანონო გარიგებების გაფორმების შესაძლებლობას იძლევა”, - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ფაქტებზე პასუხს თავისი პარტია თავად გიგი უგულავასგან ელოდება.

”მთავრობის და პრეზიდენტის მიერ კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის გამოცხადების ფონზე გვაინტერესებს, იცოდა თუ არა მერმა მსგავსი დარღვევების შესახებ და რა ზომები იქნა მიღებული”, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. მან ასევე განაცხადა, რომ კომისიას კონტროლის პალატის ამავე სამსახურის 2004-2007 წლების შემოწმების მასალების მიღება სურდა, მაგრამ ”აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტები ინახება გრიფით ”საიდუმლო”. 

ყველა ახალი ამბავი
0