თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ახალგაზრდული საზოგადოებრივი მოძრაობა ”შემოგვიერთდის” დამფუძნებელმა მელორ ვაჩნაძემ, რომელიც გლდანის მე-8 იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება, შიმშილობის აქცია შეწყვიტა, განუცხადა ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ახალგაზრდული მოძრაობა ”არას” ლიდერმა ლევან ჩიტაძემ.
ვაჩნაძე 2009 წლის ზაფხულში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პატიმრობაში ის უკვე ერთი წელი იმყოფება.
ჩიტაძის თქმით, ამ დღეებში ვაჩნაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მოინახულეს, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც მან შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ვაჩნაძემ შიმშილობის აქცია 17 აგვისტოს დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა იყო უკანონო პატიმრების - პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება. გარდა ამისა, ვაჩნაძე მოითხოვდა საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საპატიმროების მონიტორინგის დაწყებას, პატიმრებისთვის კორესპონდენციის გადაცემის აღდგენას.
როგორც ლევან ჩიტაძემ განაცხადა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა ეს თემა საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილეს, რის შემდეგაც გლდანის მე-8 იზოლატორში ბეჭდური პრესის შეტანა დაიწყეს და რადიომაუწყებლობა ჩართეს.
”უახლოეს პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საპატიმროებში მონიტორინგის ჩატარების სამუშაოებს დაიწყებენ”, - განაცხადა ჩიტაძემ.
”ამ პროცესებში აქტიურად იქნებიან ჩართული ევროკომისია, გაერო და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. არ არის გამორიცხული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს - ვახტანგ მაისაიას, რომელიც ვაჩნაძის მიერ შიმშილობის დაწყებიდან ორ დღეში შეუერთდა ამ აქციას, ის განაგრძობს შიმშილობას.
ვახტანგ მაისაია, ყოფილი დიპლომატი და სამხედრო ექსპერტი, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით იქნა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისაია დამნაშავედ ცნო რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლევან ჩიტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მაისაია მელორ ვაჩნაძის შიმშილობის აქციას შეუერთდა, გლდანის მე-8 იზოლატორის უფროსმა მას შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც მაისაიამ კატეგორიული უარი განაცხადა.
”ამ მოვლენების შემდეგ მაისაიაზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, რისი კვალიც მას სხეულზე ამჩნევია. მაისაია აღნიშნულ ფაქტზე ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს და შიმშილობას განაგრძობს”, - განაცხადა ჩიტაძემ.