ახალი კონსტიტუციის პროექტს პირველი მოსმენით პარლამენტი 24 სექტემბერს მიიღებს

გამოწერა
24 სექტემბერს ქვეყნის პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტს პირველი მოსმენით მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. 24 სექტემბერს ქვეყნის პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტს პირველი მოსმენით მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ოთხშაბათს.

23 სექტემბერს დანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც ახალი კონსტიტუციის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად მომზადდება.

ოთხშაბათს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის პროექტი გააცნო. 

თავის გამოსვლაში დემეტრაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომლებსაც საპარლამენტო განხილვებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის უფლებებს, მთავრობის ჩამოყალიბებას, მთავრობისთვის პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების ვადებს და ორმაგი მოქალაქეობის საკითხს.

ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეუძლიათ, არჩეულ იქნენ პრეზიდენტის პოსტზე, დაინიშნონ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.

ამავე დროს, როგორც მთავრობაში მიიჩნევენ, საქართველოს უცხოეთში ძალიან ძლიერი დიასპორა ჰყავს და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიმართ ამგვარი შეზღუდვების შემოღება არ შეიძლება. 

საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა დახურულ ფორმატში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და დეპუტატების შეფასებით, ახალი კონსტიტუცია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის პროგრესი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0