კომპანია ”ბორჯომი” მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმებას ჩაატარებს

გამოწერა
მინერალური წყლის წარმოების ცნობილი კომპანია ”ბორჯომი” იწყებს სოციალურ პროექტს ”იყავი ჯანმრთელი "ბორჯომთან" ერთად!”, რომელიც მოსახლეობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართელო”, ანა თუთბერიძე. 25 სექტემბერიდან მინერალური წყლის წარმოების ცნობილი კომპანია ”ბორჯომი” იწყებს სოციალურ პროექტს ”იყავი ჯანმრთელი "ბორჯომთან" ერთად!”, რომელიც მოსახლეობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ითვალისწინებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კომპანიაში.

"მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია განსხვავებული პროფლის ექიმებისგან (თერაპევტი, კარდიოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატო–ვენეროლოგი, ნევროლოგი, ოტორინო-ლარინგოლოგი, მამოლოგი, ექოსკოპისტი) ორ კვირაში ერთხელ, შაბათ-კვირის ფორმატში იმუშავებს და შეეცდება, ყველა მსურველს ჩაუტაროს უფასო სამედიცინო გამოკვლევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური ინიციატივა “იყავი ჯანმრთელი “ბორჯომთან” ერთად!” 25 სექტემბერს ბორჯომში იღებს სტარტს.

”ჩვენი ბრენდის, “ბორჯომის” სახელით განხორციელებული სოციალური ინიციატივა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება დროული და საჭირო. პროფილაქტიკა ხომ საუკეთესო საშუალებაა, თავიდან აიცილო მოსალოდნელი გართულებები. პროექტის ფარგლებში ვაპირებთ შევქმნათ გარკვეული მონაცემთა ბაზა, სადაც აღინუსხება კონკრეტული რაიონისთვის დამახასიათებელი ენდემური სურათი, რაც შემდეგ გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებს” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0