თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ტუბერკულოზით დაავადებულებთან დაკავშირებით ინიციატივა მოამზადა, რომელიც დაავადებულების იძულებით მკურნალობას ითვალისწინებს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.
ოთარ თოიძემ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს დეტალურად აუხსნა ის პროცედურები, რომელსაც ახალი ინიციატივა ითვალისწინებს.
”ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები საზოგადოებისთვის საშიშები არიან და მათთვის მკურნალობის განსაკუთრებული პირობებია გათვალისწინებული. პაციენტები საზოგადოებისგან იზოლირებულები იქნებიან და იმკურნალებენ ან საშინაო პირობებში - ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ან სპეციალურ სტაციონარში”, - განაცხადა თოიძემ.
თუ ავადმყოფი მკურნალობას არ მოინდომებს, მას იძულებითი მკურნალობა შეეხება და პაციენტს სტაციონარში იძულებით გაანაწილებენ. იმ შემთხვევაში, თუ ის ოჯახის მარჩენალია, სახელმწიფო ოჯახს სოციალური დახმარებით უზრუნველყოფს, თუ ის იმუშავებს, სახელმწიფო პაციენტს ისეთი პირობებით უზრუნველყოფს, რომელთა თანახმადაც ექვსი თვის განმავლობაში მისი სამსახურიდან დათხოვნა არ შეეძლებათ”, - აღნიშნა თოიძემ.
გარდა ამისა, ახალი ინიციატივის თანახმად, სამედიცინო პრეპარატებზე ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის შეზღუდვები იქნება შემოღებული, რომლებიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა.
”ტუბერკულოზით დაავადებულების მიერ მედიკამენტების უკონტროლო მიღება პაციენტების ჯანმრთელობას ართულებს და ამიტომ ცვლილებები ამ საკითხსაც შეეხება”, - განაცხადა თოიძემ.
თოიძის ინიციატივა შემდეგ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.