თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ნიუ იორკში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს აშშ–ის ელექტრონული სააქციო ბირჟის სამუშაო დღის დახურვაში სიმბოლურად მიიღო მონაწილეობა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური 22 სექტემბერს.
დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა საქართველოს შესახებ მოკლე პრეზენტაცია, რომელიც NASDAQ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯამილ ჯონსონმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ნაითმა გამართეს. NASDAQ-მა ჩვენი ქვეყანა სწორედ ბიზნესკლიმატის სანდოობისა და ბიზნესის კეთების ყველაზე ლიბერალური გარემოს გამო შეარჩია.
პრეზენტაციისას, ჯამილ ჯონსონმა და ედ ნაითმა საქართველოში საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ რეფორმებისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის თაობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღმასრულებელმა დირექტორმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის როლი ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრივატიზაციის მხარდაჭერისა და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
როგორც თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგი არა აქვს, მაგრამ საკუთარი რეფორმებით მან სერიოზულ შედეგებს მიაღწია, შეძლო, გამხდარიყო საზელმწიფოს განვითარების წარმატებული მოდელი და ინვესტორებისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, მიმზიდველი ქვეყანა.
ქართული ტელეარხების განცხადებით, როდესაც ბირჟაზე დასრულდა ვაჭრობა, მიხეილ სააკაშვილს ზარის დარეკვის შესაძლებლობა მიეცა, რაც NASDAQ-ის მუშაობის დასრულებას ნიშნავდა. პრეზენტაციისა და ვაჭრობის დახურვის დროს ბირჟის მონიტორებზე გადაიცემოდა საქართველოს შესახებ ვიდეო-პრეზენტაცია.
როგორც აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა, მსოფლიო ბიზნესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო წარმატებული რეფორმატორი-სახელმწიფოა, სადაც ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა. ”NASDAQ-ის ბირჟაზე, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ამერიკული, არამედ მსოფლიო ბიზნესის მამოძრავებელ ერთეულს, საქართველო წარმოდგენილი იყო როფორც წარმატებული ბიზნესის წარმოების პირობების მქონე სახელმწიფო”, - განაცხადა ელჩმა.
NASDAQ (National Association of Securities Dealers Automated Quotation) - ამერიკული არასაბირჟო ბაზარია, რომელიც მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზეა სპეციალიზირებული. 1971 წლის 5 თებერვალს დაარსდა, ერთ-ერთი ძირითადი საფონდო ბირჟაა აშშ-ში (ისევე როგორც NYSE და AMEX). ბირჟის მფლობელია ამერიკული კომპანია NASDAQ OMX Group. NASDAQ-ის გარდა მას ეკუთვნის კიდევ რვა ევროპული ბირჟა. დღესდღეობით NASDAQ-ში აქციებით 23 ათას 200 კომპანიაზე მეტი ვაჭრობს.