აშშ-ის სენატის კომიტეტმა მეტიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცა

გამოწერა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის გასულ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეტიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

 

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის გასულ სხდომაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილი თანათავმჯდომარე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეტიუ ბრაიზა აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცეს, იუწყება რადიო ”თავისუფლება”.

სხდომაზე სენატორები ბარბარა ბოკსერი და ბობ მენენდეზი ბრაიზას კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯონ კერიმ ბრაიზას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.

ბრაიზას კანდიდატურის კენჭისყრა, რომელიც ამ თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წამოაყენა, ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გამართულიყო, მაგრამ კენჭისყრა დემოკრატი სენატორის ბარბარა ბოკსერის ინიციატივით დაიბლოკა, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”. 

მანამდე ბრაიზას მიმართ აშშ-ის სომხური ლობის წარმომადგენლების მრიდან სხვადასხვა ბრალდებები ისმოდა. ისინი ბრაიზას არაკომპეტენტურობას და არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ, ასევე აქცენტს აკეთებდნენ ბრაიზას მეუღლის - ზეინო ბარანის ეროვნებაზე, რომელიც თურქია. შედეგად, მისი დანიშვნა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე აზერბაიჯანში კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა.

 

აშშ-ის აზერბაიჯანულმა სათვისტომომ სენატში მოსმენების დაწყებამდე სენატორებს მეტიუ ბრაიზას კანდიდატურის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2009 წლის ივლისიდან ვაკანტურია. ეს თანამდებობა ბოლოს ენ დერსის ეკავა.

2010 წლის ქ ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის საქმეებში დროებით რწმუნებულად ადამ სტირლინგი დაინიშნა.

ბრაიზა წლების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. იგი იყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების კოორდინატორი, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კოორდინატორი. 1995-1997 წლებში ბრაიზა მოსკოვში ამერიკის საელჩოში მუშაობდა.

ბრაიზა 22 წელია, დიპლომატიურ სამსახურშია. ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში განყოფილების დირექტორი იყო, ასევე - პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში. ბრაიზა რუსეთსა და პოლონეთში სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით მუშაობდა, სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში.

 

 

 

წყარო: სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”

ყველა ახალი ამბავი
0