ქართველი მოჭადრაკეები ხანტი–მანსიისკში ოლიმპიური ჩემპიონების ტიტულს იცავენ

გამოწერა
პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიურ ტიტულს მაკედონიის ნაკრების მოჭადრაკეებთან იცავდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოთხივე პარტიაში.

 

თბილისი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. რუსეთის ფედერაციის ხანტი–მანსიისკის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში 21 სექტემბერს სტარტი აიღო 39–ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ, რომელიც, ტურნირის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოდგა მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით – 159 მამაკაცთა და 119 ქალთა ნაკრები გუნდები.

 

პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები ოლიმპიურ ტიტულს მაკედონიის ნაკრების მოჭადრაკეებთან იცავდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებიც მე–4 სარეიტინგო ადგილს იკავებენ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ოთხივე პარტიაში.

მამაკაცთა ტურნირში ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებსაც მე–20 სარეიტინგო ადგილი უკავიათ, ასევე ოთხივე პარტიაში მოიპოვეს გამარჯვება ტაილანდის წარმომადგენლებთან.

ოლიმპიადის მონაწილეები სულ 11 ტურს გამართავენ, 26 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს ტურნირის მონაწილეები ისვენებენ.

გამარჯვებულებისა დ პრიზიორების დაჯილდოება 3 ოქტომბერს შედგება.

ქართველ მოჭადრაკეთა გუნდები შემდეგი შემადგენლობით გამოდიან.

ქალები – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი (კაპიტანი ნინო გურიელი).

მამაკაცები – ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ლევან ფანცულაია (კაპიტანი თამაზ გიორგაძე).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ხვიჩა სუპატაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი – გია გიორგაძე.

ხანტი–მანსიისკის მსოფლიო ოლიმპიადამ სტუმართა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა: აქ ჩამოსულია 2,2 ათასი ტურნირის მონაწილე – მოჭადრაკეები, მწვრთნელები, მსაჯები.

ოლიმპიადის მთავარმა არბიტრმა სავა სტოისავლევიჩმა მანამდე, პირველ ტურში ფიგურების ფერებზე კენჭისყრა ჩაატარა, რომლის დროსაც მას დახმარებას „ცოცხალი ფიგურები“ –მეფეები და ლაზიერები უწევდნენ.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ–გვერდზე არის სპეციალური განყოფილება, სადაც მოხდება შერჩეული პარტიების კომენტირება პროგრამა Rybka 4 Aquarium მიერ, რომელიც ამჟამად „მსოფლიო ჩემპიონია“ საჭადრაკო პროგრამებს შორის. პარტიების კომენტარები წარმოდგენილი იქნება რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ეპანურ, იტალიურ ან ფრანგულ ენებზე.

ყოველ ტურში 16 შერჩეული პარტიის კომენტირება მოხდება რეალური დროის რეჟიმში, ხოლო ტურის დასრულებიდან 20 საათის განმავლობაში კიდევ 100 პარტია კომენტარით დაიდება საიტზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0