თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან საქართველოში კომპიუტერის შეძენისას მოსახლეობისთვის ამოქმედდება შეღავათიანი პროგრამა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე სამშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა.
მისი თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია Intel-თან და 22 ოქტომბერს გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მოქალაქეებისთვის კომპიუტერის შეძენას განვადებით, განსაკუთრებული პირობებით ითვალისწინებს - ისინი დღეში ერთ ლარს გადაიხდიან.
განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ კომპიუტერის შეძენისთვის სპეციალურ კრედიტებს ქართული ბანკები ორი წლის ვადით გასცემენ.
”თუ ვინმე მძლავრ თანამედროვე ნოუთბუქს მოინდომებს, მაშინ დღიური გადასახადი 3 ლარამდე გაიზრდება”, - აღნიშნა მინისტრმა.
შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის 22 ოქტომბერს საქართველოში კომპანია Intel-ის პრეზიდენტი პოლ ოტელინი ჩამოდის.