აფხაზეთიდან დევნილმა ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროცესი მოიგო

გამოწერა
აფხაზეთიდან დევნილმა ბათალბი საღინაძემ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წიონააღმდეგ საქმე მოიგო, განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. აფხაზეთიდან დევნილმა ბათალბი საღინაძემ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წიონააღმდეგ საქმე მოიგო, განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” (ლიდერი ირაკლი ალასანია) წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა.

”2010 წლის 27 მაისს ევროპის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბათალბი საღინაძის სასარგებლოდ და მორალური კომპენსაციის სახით ქვეყნის მთავრობამ მას 15 ათასი ევრო 2010 წლის 27 ნოემბრამდე უნდა გადაუხადოს”, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ბათალბი საღინაძე აფხაზეთიდან დევნილია. 1994 წლის იანვარში, ბათალბი საღინაძე, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში, მის კუთვნილ კოტეჯში ოჯახთან ერთად შეასახლა. 2000 წლის 20 აპრილის წერილით, შსს-მ დაუდასტურა ბატონ საღინაძეს, რომ მას და მის ოჯახს კოტეჯითა და მიმდებარე ნაკვეთით სარგებლობის უფლება 1994 წლიდან ჰქონდათ მაშინდელი მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებისა და დევნილთა შესახებ 1996 წლის 28 ივნისს მიღებული კანონის შესაბამისად.

2004 წლის ნოემბერში, შს მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, სპეცდანიშნულების რაზმის  60-მდე წარმომადგენელმა ბათალბი საღინაძე და მისი ოჯახი კოტეჯიდან ძალისმიერი მეთოდით გამოასახლა, აღნიშნა წულუკიანმა. 

”2010 წლის 27 მაისს, ევროპულმა სასამართლომ საღინაძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. მან მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ საღინაძეს თვითნებურად არ დაუკავებია კოტეჯი. ის და მისი ოჯახი კოტეჯში შესახლებულნი იქნენ შს მინისტრის 1993 წლის 29 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც სამინისტროს კუთვნილი კოტეჯის განკარგვას ითვალისწინებდა აფხაზეთიდან დევნილი თანამშრომლების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიზნით. ევროპულმა სასამართლომ გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია, რომ დევნილთა შესახებ 1996 წლის 28 ივნისს მიღებული კანონით საქართველომ მიანიჭა დევნილებს უფლება, არ ყოფილიყვნენ გამოსახლებულნი თავიანთი დროებითი საცხოვრისიდან აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენამდე, ხოლო გამოსახლების აუცილებლობის შემთხვევაში, მიეღოთ სანაცვლოდ სათანადო საცხოვრისი”, - განაცხადა წულუკიანმა. 

რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ”ამ საკითხთან მიმართებაში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ დევნილს უნდა დაუბრუნოს კოტეჯით სარგებლობის უფლება მანამდე, სანამ ის აფხაზეთში არ დაბრუნდება, ან არ მიიღებს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს”.

ამასთან, ალასანიას პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საღინაძესთან მიმართებაში, განიხილოს თბილისში ადმინისტრაციული შენობებიდან ამ ზაფხულს გამოსახლებული ყველა დევნილის საქმე და მათ კომპენსაციები შესთავაზოს.

“თავისუფალი დემოკრატები” მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება ბათალბი საღინაძესთან მისი და მისი ოჯახისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების ან გონივრული კომპენსაციის შეთავაზების მიზნით”, აღნიშნა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0