საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, არ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არ აპირებენ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დელეგაციის რეკომენაციები და გააგრძელონ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა ოქტომბრის ბოლომდე.

თბილისი, 17 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არ აპირებენ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დელეგაციის რეკომენაციები და გააგრძელონ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა ოქტომბრის ბოლომდე, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

ვენეციის კომისია კონსტიტუციის პროექტზე მუშაობას ოქტომბერში დაასრულებს და კომისიის ბოლო შეფასებები ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად. გუშინ, საპარლამენტო ოპოზიციასთან კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნიკა ლალიაშვილმა (”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ (”ქართული დასი”) და დიმიტრი ლორთქიფანიძემ (ფრაქცია ”ძლიერი საქართველო”) ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ვენეციის კომისია პარლამენტს რეკომენდაციას უწევს, კონსტიტუციის განხილვა ევროპელი ექსპერტების მიერ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო შეფასებების მიცემის შემდეგ დაიწყონ.

პარასკევს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნება, რომელზეც კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყება.

მაჭავარიანმა არ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტეს დეპუტატებმა, არ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარეობს სხდომა, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი დეპუტატები და ვენეციის კომისიის წევრები.

 


ყველა ახალი ამბავი
0