ვენეციის კომისია საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

გამოწერა
ხუთშაბათს ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

 

парламент Грузии

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ხუთშაბათს ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

შეხვედრაზე დელეგაციამ ის შენიშვნები მოისმინა, რომლებიც ქართველმა დეპუტატებმა ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით წარადგინეს.

შეხვედრის შემდეგ შეხვედრის მონაწილე დეპუტატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თავინთი შენიშვნები თავად კომისიის შენიშვნებს ემთხვევა.

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას პროექტის იმ პუნქტებზე მიაღწიეს, რომლებიც სასამართლო სფეროს ეხება.

”შევთანხმდით, რომ ვენეციის კომისია ცალკე იმუშავებს იმ პუნქტზე, რომელიც ეხება ცვლილებებს სასამართლო სფეროში. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ საკითხთან დკაავშირებით ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ისეთი მოდელი იქნება მიღებული, რომელიც სასამართლო სისტემის რეალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პარლამენტის მიერაც იქნება გათვალისწინებული”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

შეხვედრაზე ლალიაშვილმა ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” სახელით კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით 13 შენიშვნა წარადგინა.

”პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების თაობაზე საკუთარი წინადადებები წარადგინა და აღნიშნა, რომ ”არ შეიძლება დავუშვათ, რომ კონსტიტუციით მთელი პოლიტიკური ძალა ერთ ფიგურაში იყოს კონცენტრირებული”.

”კონსტიტუციის ახალი პროექტით პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა პრემიერის ინსტიტუტზე გადადის და პარლამენტის როლი სუსტდება. ამის დაშვება არ შეიძლება და მოვითხოვ, გაძლიერდეს კანონების მიღებაში საპარლამენტო ოპოზიციის ზემოქმედების ბერკეტები და გაძლიერდეს ოპოზიციის კონტროლის მექანიზმები კონტროლის პალატის და სახალხო დამცველის საქმიანობაზე”, - განაცხადა ბაღათურიამ.

მან ასევე პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის ოქტომბრის ბოლოს გადადება მოითხოვა. ბაღათურიას თქმით, ვენეციის კომისიას პროექტზე მუშაობისთვის კიდევ უნდა ჰქონდეს დრო და საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის განხილვა მას შემდეგ დაიწყოს, როცა კომისია მასზე მუშაობას დაასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0