თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის კორუფციის ბრალდებით დაკავების ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ხუთშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ფრუიძის დაკავება კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე მოხდა.
”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ”დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ვაქცინის შესყიდვის მიზნით გამართულ ტენდერში უკანონოდ გაამარჯვებინა საკუთარ კლასელს და ახლო მეგობარს, კომპანია ”ნ ფარმა+”-ს დირექტორს ბესარიონ გოცირიძეს”, - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ”ნიკოლოზ ფრუიძის უკანონო მითითების საფუძველზე, სატენდერო კომისიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, მიანიჭა უპირატესობა შპს ”ნ ფარმა პლუსს", რის შედეგადაც 5 ლარად და 80 თეთრად ღირებული პრეპარატი სახელმწიფოს მიერ შეძენილ იქნა სამჯერ მეტ ფასად -17 ლარად. მთლიანობაში გაფლანგული და მითვისებულია ბიუჯეტის კუთვნილი 700 000 ლარი”.
მთავარმა პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ უსაფუძვლოდ იქნა დისკვალიფიცირებული ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი სს ”ჯი პი სი", რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა საქონლის შესყიდვის გაცილებით დაბალი ფასები.
პროკურატურის განცხადებით, ნიკოლოზ ფრუიძის დანაშაულებრივი ქმედება მოტივირებული იყო ქრთამის აღების ფაქტით. თავად დაკავებული საკუთარ ბრალს არ აღიარებს.
”შპს ”ნ ფარმა+"-ის დამფუძნებლის, ზურაბ ნატროშვილის მიერ მიცემული ჩვენებიდან გაირკვა, ბესარიონ გოცირიძის შუამავლობით, ზურაბ ნატროშვილმა ნიკოლოზ ფრუიძეს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით გადასცა სოლიდური თანხა”, - განაცხადა საყვარელიძემ.
”ამჟამად დგინდება თანხის ოდენობა და ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ის რამდენიმე ათეული ათასია”, - აღნიშნა მან.
ზურაბ ნატროშვილი დაკავებულია ეჭვმიტანილის სახით, ხოლო ბესარიონ გოცირიძის ადგილსამყოფელი ამჟამად დგინდება.
დავით საყვარელიძის თქმით, ამჟამად მთავარი პროკურატურა კონტროლის პალატის მონაცემებს სწავლობს მეორე ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც 2010 წელს გაიმართა და სადაც ასევე ”ნ ფარმა+”-მა გაიმარჯვა.
როგორც კონტროლის პალატის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოააშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები. აღსანიშნავია, რომ კორუფციული სქემა ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ერთადერთ ტენდერში:
”სახელმწიფო მოხელეებმა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი მოარგეს მიმწოდებელი კომპანიის ამონაგებს. შესყიდვა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაიგეგმა იმგვარად, რომ ბიუჯეტი მთლიანად მიიმართა კომპანია "ნ ფარმი +”-ზე. სააგენტომ შეიძინა იაფფასიანი დაფასოების, საჭირო მარაგზე ნაკლები და მოკლე ვადით ვარგისი ვაქცინა, ისე, რომ არ დაზოგილა ბიუჯეტი. ამ ქმედებით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა გაზარდეს ერთეული ვაქცინის ფასი, რითაც გაზარდეს "ნ ფარმი+ –ის" ამონაგები და აზარალეს ბიუჯეტი”, - ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.
აღნიშნულია, რომ სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც შეადგინა 1788.9 ათასი ლარი.