თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის შენობის გაყიდვის გამო პროტესტი გამოთქვა და ამას უკანონო უწოდა.
”მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სისტემის ნგრევას განაგრძობს და სახელმწიფო ქონების გაყიდვით გამდიდრებას ცდილობს”, - აღნიშნულია პარტიის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი აუქციონით ოთხშაბათს, 15 სექტემბერს 2 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია ”სანი” გახდა.
აუქციონის პირობების თანახმად, შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია, შემდგომი შვიდი თვის განმავლობაში ტერიტორიაზე განთავსებული ორგანიზაცია არ გაასახლოს და ინსტიტუტის კოლექტივს ამ პერიოდში შენობა უანგაროდ გადასცეს.
საქართველოს მთავრობამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობას ორი შენობა შესთავაზა - ერთი დიღომში, რკინიგზის ახალი საავადმყოფოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ხოლო მეორე - დიდუბეში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე.