თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში არ შემოუშვეს, რადგანაც რუსი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.
”რუსული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონში, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს საქართველოს ნებართვის გარეშე გადაკვეთენ, კანონის დამრღვევები არიან”, - განაცხადა მინაშვილმა.
”რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი მარკოვი და სხვა დეპუტატები ქართული მხარის ნებართვის გარეშე არაერთხელ იმყოფებოდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს”, - დასძინა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ წერილობითი განმარტება უკვე მიიღო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩევმა გუშინ განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია უარს აცხადებს კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე და ამით პროტესტს გამოთქვამს დელეგაციის წევრებისთვის ვიზების არგაცემაზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩადიოდნენ.
16-17 სექტემბერს თბილისში დაგეგმილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების და ადამიანის უფლებების კომისიის სხდომა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ძირითადი იურიდიული საკითხები იქნება განხილული.
ვიზიტის პროგრამის შესაბამისად, სხდომა პარასკევს დღისით დაიხურება, რის შემდეგაც იგეგმება კახეთის რეგიონის მონახულება. კერძოდ, სტუმრები მოინახულებენ განახლებულ სიღნაღს და სიღნაღის მუზეუმს ესტუმრებიან, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ექსპოზიცია. გარდა ამისა, დაგეგმილია ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსის მონახულება.