თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ბაშკირეთის უფის რაიონის საგამოძიებო ორგანოები ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმებას აწარმოებენ. შემთხვევის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაშავდა. მუშავდება შემთხვევის რამდენიმე ვერსია, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის უფის რაიონთაშორისი საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა კონსტანტინ სლაბოვმა, იუწყება სააგენტო ”რის ნოვოსტი”.
მისი თქმით, სამშაბათს ღამით ბუზოვიაზი-ბეკეტოვოს საავტომობილო გზის მეორე კილომეტრზე მანქანამ №6795 საჯარისო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები გაიტანა. შემთხვევის შედეგად 19 წლის რადიკ იშდავლეტოვი და 20 წლის პაველ გორინი დაიღუპნენ, კიდევ ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ტრავმები მიიღო.
გამომძიებლის ინფორმაციით, მანქანას, რომელმაც ჯარისკაცებს დაარტყა, ნაწილის ზურგის უზრუნველყოფის უფროსი მართავდა, სადაც დაღუპულე ბი მსახურობდნენ. ის საკუთარი Mitsubishi-თ გადაადგილდებოდა, რომელსაც სატრანზიტო ნომრები აქვს.
”ერთი ჯარისკაცის სხეული ნაპოვნია შემთხვევის ადგილიდან 58 მეტრში, მეორე ახლოს გადავარდა, მესამემ თავის დაღწევა შეძლო და ცოცხალი გადარჩა”, - განაცხადა სლაბოვმა.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ჯარისკაცებმა, შეიძლება, საზაფხულო ბანაკი თვითნებურად დატოვეს და გზაზე ხოხვით გადადიოდნენ, რომ ისინი არავის შეემჩნია. მეორე ვერსიით თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ამ დროს შეეძლოთ მარშ-გარბენის შესრულება.
”ამჟამად საგამოძიებო ორგანოები შემოწმებას აწარმოებენ, მასალები სამხედრო პროკურატურას გადაეგზავნება, წყდება სისხლის სმაართლის აღძვრის საკითხი”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ და აღნიშნა, რომ მძღოლი სამედიცინო გამოკვლევას გადის, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
დაშავებული ჯარისკაცი თავის ტრავმით და ფეხის მოტეხილობით უფის 22-ე საავადმყოფოში მკურნალობს.
”ამჟამად ბიჭი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება”, - განუცხადა სააგენტოს საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილების წარმომადგენელმა.
რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურაში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები და პროკურატურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს შიდა გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება.