თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სომალელი მეკობრეები, რომლებმაც გასულ კვირაში დააკავეს გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა, ბერძნულ გემთმფლობელ კომპანია FRIO VENTURES-თან კავშირზე გამოვიდნენ, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ორშაბათს ბერძნული მხარის წარმომადგენელმა, ქართული კომპანია ”გრინვიჩ-21-ე”-ს დირექტორმა სერგო დევაძემ.
მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილთა შორისაა სერგო დევაძის ვაჟი, რომელიც კაპიტნის თანაშემწეა.
”მეკობრეები კომპანიასთან კონტაქტზე 12 სექტემბერს გამოვიდნენ, მანამდე კი მათ ჩემს ვაჟს ნება დართეს, ოჯახს დაკავშირებოდა და ინგლისურ ენაზე ეცნობებინა, რომ ეკიპაჟის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება”, - აღნიშნა დევაძემ.
მისი თქმით, მეკობრეებს საკუთარი მოთხოვნები ჯერ არ წარუდგენიათ და გამოსასყიდი თანხის ოდენობა არ დაუსახელებით. ”მეკობრეებმა განაცხადეს, რომ გემი მათ ხელთაა და შემდგომი კონტაქტი გაგრძელდება”.
დევაძე ვარაუდობს, რომ ეკიპაჟის გათავისუფლებისთვის პირობებს გამტაცებლები შემდეგი კონტაქტის დროს განაცხადებენ. მისი თქმით, გემთმფლობელი კომპანია ადასტურებს, რომ ისინი, ეკიპაჟის და გემის დასახსნელად, ნებისმიერი პირობებისთვის მზად არიან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანია გამტაცებლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ განიხილავს, რადგანაც, ამ შემთხვევაში, დევაძის თქმით, ეკიპაჟის წევრებს საფრთხე ემუქრებათ.
ოთხშაბათს სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს. გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება.
თავდასხმა ოთხშაბათს დილით, ადენის სრუტეში განხორციელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მომენტში გემი დასავლეთის მიმართულებით მიდიოდა და ადენის სრუტის წყლების იმ დერეფნის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც რეკომენდირებულია სამოქალაქო გემების გადასაადგილებლად.