თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. ამ ეტაპზე კონკრეტული ვადების შესახებ, თუ როდის შემოვა უვიზო რეჟიმი ირანთან, საუბარი არ შეიძლება”, - აღნიშნა კაპანაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე თავი შეიკავა რაიმე დეტალების გახმოვანებისგან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის შესახებ. ”დეტალების შესახებ საუბარი ნაადრევია და როდესაც ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი იქნება, გაცნობებთ”, - განაცხადა კაპანაძემ.
ამა წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რამინ მაჰმანპარასტი, რომელმაც ჟურნალისტებს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განუცხადა.