თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. კვირას დღისით, ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, ახალგაზრდული მოძრაობა ”არას” ლიდერი ლევან ჩიტაძე და მოძრაობის წარმომადგენელი ლევან კოჭლაშვილი მცხეთის საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
დაკავებულების ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პარასკევს საღამოს გაიმართა. ჩიტაძეს და კოჭლაშვილს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად - ”სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნებისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა” - ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
”ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი სასჯელის ორ სახეობას ითვალისწინებს - ფულადი ჯარიმა, ან ორდღიანი პატიმრობა. მოსამართლემ ორდღიანი პატიმრობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება”, - განაცხადა ადვოკატმა.
ლევენ ჩიტაძე და ლევან კოჭლაშვილი პარასკევს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობის მიერ გამართული აქციის დროს დააკავეს. ამავე დღეს დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი აფხაიძე.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ გიორგი აფხაიძის მიმართ აქტი არ შედგა. ის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მიიყვანეს და შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.
შეტაკება აქციის მონაწილეთა და პოლიციას შორის იმ დროს მოხდა, როდესაც დემონსტრანტები პლაკატების წარწერით „არა“ გაკვრას რეზიდენციის კედლებზე და ასფალტზე სიტყვა „თავისუფლების“ დაწერას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის გაფრთხილებას, არ გაეკრათ პლაკატები და შეეწყვიტათ წარწერების გაკეთება, რის შემდეგაც შეტაკება მოხდა. შედეგად აქციის სამი მონაწილე დააკავეს.