თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლიერება გამოხატა იმ 50 ქვეყნის მიმართ, რომელთა დელეგაციებმაც გაეროში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ აღნიშნულია ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოში” გამოგზავნილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
7 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „სუამის სივრცეში გახანგრძლივებული კონფლიქტების და საერთაშორისო მსოფლიოსთვის მათი შედეგების, უსაფრთხოებისა და განვითარების“ დღის წესრიგის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“. რეზოლუციას მხარი 50 სახელმწიფომ დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86–მა – თავი შეიკავა.
”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის გულითად მადლობას იმ 50 ქვეყნის მიმართ, რომელთა დელეგაციებმაც, საქართველოსთან ერთად, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
”კენჭისყრა ადასტურებს, რომ უკვე მესამე წელიწადია გაეროს გენერალური ასამბლეა ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, რათა დაიცვას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში”, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე ოფიციალურმა თბილისმა რეზოლუციის შემაჯამებელი კენჭისყრა შეაფასა, როგორც დიპლომატიური გამარჯვება.