ევროექსპერტები საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელებენ - ბაქრაძე

გამოწერა
სექტემბერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტის გასაცნობად ქვეყანაში ვენეციის კომისიის დელეგაცია და ევროპის საბჭოს იურიდიული კომისიის დელეგაცია ჩამოვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოთხშაბათს, კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის კომისიის წევრების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. სექტემბერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის საბოლოო ვარიანტის გასაცნობად ქვეყანაში ვენეციის კომისიის დელეგაცია და ევროპის საბჭოს იურიდიული კომისიის დელეგაცია ჩამოვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოთხშაბათს, კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის კომისიის წევრების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

”ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს მეგობრებთან თანამშრომლობას და დღეს, ოფიციალურ დონეზე, ელჩებს ის ცვლილებები და რეფორმები გავაცანით, რომლებიც ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხორციელდება”, - განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღების და განხილვის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვა სურს.

”სწორედ ასეთი განხილვა მისცემს ახალ კონსტიტუციას რეალურად ევროპულ ხარისხს”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ახალი კონსტიტუციის პროექტი საყოველთაო განხილვის ფორმატში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. განხილვაში მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

ამ დროისთვის კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს პარტიებმა ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და ”ახალი მემარჯვენეები”. დანარჩენ პარტიებს გადაწყვეტილების მიღება კვირის ბოლომდე შეუძლიათ.

ამის შემდეგ კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და გამოაცხადებენ, თუ როდის შევა პროექტი პარლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0