თბილისში დევნილთა 66 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს – დავითაია

გამოწერა
სამშაბათს დავითაია დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც უკვე თვეზე მეტია 66 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რის მიზეზადაც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ 2007 წლის დავალიანების არსებობას ასახელებს.

 

თბილისი, 7 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, პოლიტიკური მოძრაობის „ჩვენ თვითონ“ ლიდერი პაატა დავითაია პარლამენტის ბიუროს სდომაზე თბილისის აეროპორტთან მცხოვრები დევნილების ელექტრომომარაგების საკითხის განსახილველად გატანას პარლამენტის ბიუროზე აპირებს, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ვიცე–სპიკერის პრეს–სამსახურში.

 

პრეს–სამსახურის მონაცემებით, სამშაბათს დავითაია დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც უკვე თვეზე მეტია 66 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რის მიზეზადაც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ 2007 წლის დავალიანების არსებობას ასახელებს. 

ვიცე–სპიკერის თქმით, „თელასის“ ქმედება, პრაქტიკულად არის გამოძალვა, რადგან ჯერ კიდე 2007 წელს ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით ენერგოკომპანიასა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, დევნილებისთვის ძველი დავალიანებების ჩამოწერის შესახებ, რის შედეგადაც ეს ვალები ჩამოწერილი იქნა. 

„ამის გარდა, მთავრობამ სუბსიდირების ახალი პროგრამის შესახებ განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოიყო გრანტები მოსახლეობის სოციალურად გაჭირვებული ფენებისთვის კომუნალური ხარჯების დასაფარად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათასიანი დავალიანება კვლავ ირიცხება დევნილებზე“, – განაცხადა დავითაიამ. 

ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხს ის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ბიუროს სხდომაზე გაიტანს.

ყველა ახალი ამბავი
0