თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტში კანონის ”სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული კოდექსის შესახებ” პროექტი შეიტანა, რომელიც დისციპლინარულ პატიმრობა-ჰაუპტვახტს დისციპლინარულ ასეულში გაგზავნით ცვლის, განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არა ნაზარიანმა საპარლამენტო მოსმენების დროს.
”კანონით ზუსტდება დისციპლინარული სასჯელები რიგითების, ზემდეგების და ოფიცრებისთვის. კერძოდ, დისციპლინარული პატიმრობა დისციპლინარულ ასეულში გაგზავნით იცვლება, რაც უფრო მკაცრ რეჟიმში სამსახურს ითვალისწინებს”, - განაცხადა ნაზარიანმა.
სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, დისციპლინარულ ასეულში გაგზავნის შესახებ ბრძანების გაცემა საჯარისო ნაწილის სარდალზე ნაკლებ თანამდებობაზე მყოფ პირს არ შეუძლია.
დისციპლინარული ასეულები გარნიზონის პრინციპით მოქმედებენ.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კანონპროექტში შეტანილია კიდევ ერთი ახალი დებულება, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურისთვის სომხეთის კონსტიტუციის, კანონების ან სამართლებრივი აქტების საწინააღმდეგო ზეპირი ან წერილობითი ბრძანების მიცემა არ შეიძლება, ანდა ბრძანების გამცემის ან შემსრულებლის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ასეთ ბრძანებას მიიღებს, ვალდებულია, ზემდგომ უფროსს მოახსენოს ამის შესახებ.
გარდა ამისა, ნაზარიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ჯარში მორალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც არეგულირებს. კერძოდ, სარდალმა უნდა იცოდეს საკუთარი დაქვემდებარებულის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და უფრო ორგანიზებული სამსახურისთვის შესაბამისი ზომები მიიღოს. ამისთვის, მინისტრის მოადგილის თქმით, შეიქმნება სოციალურ-სამართლებრივი ხაზით სარდლის თანაშემწის ცალკე შტატი.
ნაზარიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი 2010-2015 წლების თავდაცვის რეფორმების პროგრამის ნაწილია.
ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორებიცაა შენიშვნა, მკაცრი შენიშვნა, მორიგი შვებულების გაუქმება, დისციპლინარულ ასეულში გაგზავნა, უწყებრივი სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამხედრო წოდების ჩამოქვეითება, სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა.