თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველო ესტონეთისთვის ”მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება”, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა სამშაბათს თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ესტონეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიესალმა.
”უნდა გაგრძელდეს საქართველო-ნატოს კომისიის მუშაობა. მოხარული ვარ, რომ პოზიტიურად ვითარდება ასევე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაც”, - განაცხადა მინისტრმა. ასევე პაეტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში ერთადერთ საერთაშორისო დამკვირვებლად რჩება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავღანეთში ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
”საქართველომ ერთ-ერთი თავისი მამაცი მეომარი დაკარგა... საქართველოს მონაწილეობა უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალებში (ISAF) საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი წვლილია და ამისთვის ესტონეთის სახელით მადლიერებას გამოვხატავ”, - განაცხადა მინისტრმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამშაბათს ეწვია. პაეტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურ.
ოთხშაბათს ესტონეთს საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი თბილისიდან გაემგზავრება და ცხინვალის რეგიონის მახლობლად განლაგებულ დევნილთა ბანაკებს მოინახულებს. პაეტი აგრეთვე მოინახულებს საქართველოს ძველ დედაქალაქს – მცხეთას და გორს.