თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მართლმადიდებლური ეკლესიის მფლობელობაში არსებული მიწის მოსახლეობისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი სოფლები გაშენდეს და ხალხი დასაქმდეს. ამის შესახებ მან კვირას, 29 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
”ქართული ეკლესიის განკარგულებაში რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწაა. მე მზად ვარ, ეს მიწა ვაჩუქო ადამიანებს, რომლებიც იქ 21-ე საუკუნის სოფლებს ააშენებენ”, - განაცხადა პატრიარქმა.
”ამის შესახებ პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს არაერთხელ ვესაუბრე და მათი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ამ ინიციატივას ყველანაირად დაუჭირონ მხარი”, - დასძინა ილია მეორემ.
მან მიუთითა, რომ საქართველოს ბევრ რაიონში, სადაც ნაყოფიერი მიწაა, სოფლები დაცარიელდა, რადგანაც ადამიანები სამსახურის საშოვნელად ქალაქებში ჩადიან.
კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ქართველი ახალგაზრდების დასაქმება და მათთვის მუშაობისა და სწავლისთვის პირობების შექმნა. მაგალითად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა ისრაელი მოიყვანა, იქ სპეციალური სოფლებია (მაგალითად, კიბუცები), სადაც ძირითადად ახალგაზრდები ცხოვრობენ და მუშაობენ.
”ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 11 ათასი ახალგაზრდა წელს ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. რას გააკეთებენ ისინი? ჩვენ გთავაზობთ საქართველოში სპეციალური სასწავლებლების შექმნას, სადაც ახალგაზრდობა შეძლებს, ისწავლოს კონკრეტული ხელობა და სულიერად განვითარდეს”, - განაცხადა პატრიარქმა.