თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. საქართველოში არ არსებობს დაბრკოლებები, რომელიც ხელს შეუშლიდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს თვითრეალიზაციაში, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს იმ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან და სომხებთან შეხვედრაზე, რომლებიც წელს საქრთველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
შეხვედრაზე, რომელიც ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი შეეხო იმ სიახლეებს, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შევიდა.
კერძოდ, იმ მოსწავლეებს რომლებიც სკოლებში სწავლას სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გადიოდნენ, წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ჩაებარებინათ გამოცდა უნარ–ჩვევებში. შემდეგ მათ ერთწლიანი კურსი უნდა გაიარონ ქართულ ენაში, რის შემდეგ სწავლის გაგრძელებას სპეციალობის მიხედვით შეძლებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ახალი პროგრამა, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა მიმართ კვოტების შემოღებას ვარაუდობს, წელს, საქართველოში მცხოვრები სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოების 254 წარმომადგენელი სტუდენტი გახდა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობილთა საერთო რაოდენობიდან 254–მა სტუდენტმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
„როდესაც მე ქართულ ერზე ვსაუბრობ, მე ვამბობ – საქართველოს მრავალეთნიკური ერი, და როდესაც ქართველ ხალხზე, ვამბობ – საქართველოს ხალხი. საქართველო ყველა მის მცხოვრებს ეკუთვნის, მიუხედავად ეროვნებისა. საქართველო თქვენი ქვეყანაა და არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომელიც თქვენ ხელს შეგიშლით თვითრეალიზაციაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ის მარნეულსა და ახალქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას რუსულ ენაზე საუბარი უწევდა. წელს კი, ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნების წინ, ის ადგილობრივ მოსახლეობასთან ქართულად საუბრობდა.
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ქართული ენის კარგი ცოდნისთვის და ისურვა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა მიმზიდველი გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის.
შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს საჩუქრად ნოუთბუკები გადასცა.