14:13 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (465)
105 0 0

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენს, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს მკვლელობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში ედება ბრალი.

თბილისი, 9 ივნისი − Sputnik. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონს, ინდოელ სუშილ კუმარს მკვლელობასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში ედება ბრალი, იუწყება სააგენტო Xinhuanet დელის პოლიციაზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, დელის სტადიონ ჩხატრასალზე ჩხუბი დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 20 კაცი მონაწილეობდა. საბოლოოდ შეხლა-შემოხლა სროლაში გადაიზარდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 23 წლის სპორტსმენი საგარ დჰანკარი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ სტადიონის მახლობლად გაჩერებულ ავტომობილში თოფი და ვაზნები იპოვა, ხოლო ავტოსადგომთან − სისხლის კვალი.

არსებული ცნობით, კონფლიქტის ერთ-ერთი წამომწყები, 37 წლის სუშილ კუმარი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პოლიციამ მისი დაკავება მხოლოდ სამი კვირის შემდეგღა შეძლო − ერთ-ერთი მეტროს სადგურის მახლობლად განლაგებული სათვალთვალო კამერების წყალობით.

სპორტსმენის ძებნის პროცესში პოლიცია 100 ათას რუპიას ჰპირდებოდა ჯილდოდ ნებისმიერს, ვინც რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდიდა სამართალდამცველებს კუმარის შესახებ. საბოლოოდ ის მეტროს მახლობლად დააკავეს.

ოლიმპიურ ჩემპიონს მკვლელობაში, გატაცებასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში ედება ბრალი. კუმარის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოჭიდავე უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებას.

სპორტსმენის ვერსიით, სტადიონზე მოჭიდავეების ორი ჯგუფი შეეჯახა ერთმანეთს, ხოლო როდესაც კუმარი ადგილზე მივიდა, მოჩხუბრები გაიქცნენ.

„მოწმეები არ არიან. ზოგი გავლენიანი ადამიანი კულისებს მიღმა იმალება, რათა ჩემი კლიენტი ჩაითრიოს [საქმეში] და ძველი ანგარიშები გაასწოროს“, − აცხადებს ადვოკატი.

სუშილ კუმარი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ის ოლიმპიური თამაშების ერთადერთი ორგზის ჩემპიონია ქვეყანაში და ასევე ერთადერთი ინდოელი, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამ დროისათვის კუმარი ოფიციალურ თანამდებობაზე მუშაობს დელის სპორტის დეპარტამენტში.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (465)

მთავარი თემები