08:56 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
22 0 0

ვენაში ამ დროისათვის სამი საექსპერტო ჯგუფი მუშაობს, რომელთაგან ორი ვაშინგტონისა და თეირანისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ეძებს, რათა ბირთვული შეთანხმება სრულად აღდგეს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ირანისთვის დაწესებული სანქციებიდან ზოგი მკაცრი შეზღუდვის პრაქტიკულად სრულად გაუქმებაზე მსჯელობს, რათა ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდეს, იუწყება სააგენტო Associated Press მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროებმა არ დაასახელეს, კონკრეტულად რომელი სანქციების მოხსნაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ბირთვულ გარიგებასთან, ასევე ტერორიზმთან, რაკეტების შექმნასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ამასთან აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

როგორც Associated Press-ი წერს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უკვე რამდენიმე კვირაა რეგულარული სხდომები იმართება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც. ამ დროისათვის შექმნილია სამი საექსპერტო ჯგუფი. აქედან ორი კონკრეტული ნაბიჯების მოძიებაზე მუშაობს, რომლებიც აუცილებელია თეირანისა და ვაშინგტონისთვის, რათა ბირთვული შეთანხმება სრულად აღდგეს. მესამე ჯგუფის ამოცანა კი ამ ნაბიჯების თანმიმდევრობის შეთანხმებაა.

ბირთვული შეთანხმება — ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. 2020 წლის ბოლოს ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ამასთან კანონი მოიაზრებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებდა ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები