თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება – გაამკაცროს COVID-19-ის ვაქცინების ექსპორტის წესები, იუწყება სააგენტო Bloomberg ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წესები დღეიდან შევა ძალაში, თუმცა ცვლილებები არ შეეხება საერთაშორისო მექანიზმის – COVAX–პლატფორმის ფარგლებში მიწოდებებს.
აღინიშნება, რომ ახალი წესები გაამარტივებს ექსპორტის გაყინვას იმ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებებმაც ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები არ შეასრულეს.
ახალი წესები მიზნად ისახავს, გახადოს ვაქცინებით ვაჭრობა „ორმხრივი და პროპორციული“. კერძოდ, უცხოეთის ქვეყნებში მიწოდებები შესაძლოა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინების მწარმოებელი ქვეყნები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ, ევროკავშირში პრეპარატების ექსპორტს აკრძალავენ.
მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მაროშ შეფოვიჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ აპირებს სრულად შეზღუდოს იმ კოვიდ–ვაქცინების ექსპორტი, რომლებიც თანამეგობრობის ტერიტორიაზე იწარმოება.