09:22 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (173)
58 0 0

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის სიტყვები შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ მუქარად შეაფასეს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ირანი, აუცილებლობის შემთხვევაში, ურანს იმ მაჩვენებლამდე გაამდიდრებს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ დონეს, განაცხადა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ.

„ჩვენ შეგვიძლია ურანი 60 პროცენტამდე გავამდიდროთ. ისლამური რესპუბლიკა არ მოექცევა სხვა ქვეყნების ზეწოლის ქვეშ და საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად იმოქმედებს“, — განაცხადა აიათოლამ.

​აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ედვარდ პრაისმა ჰამენეის სიტყვები მუქარად შეაფასა. თუმცა ვაშინგტონში ისიც აღნიშნეს, რომ თეირანის მიერ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში აშშ მზადაა დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას, საიდანაც 2018 წელს გავიდა.

ერთი დღით ადრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) და თეირანი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ირანის ატომური ობიექტების შეზღუდულ ფორმატში ინსპექტირებას შეძლებენ კიდევ სამი თვის განმავლობაში. როგორც მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, თეირანი აპირებდა მკაცრად შეეზღუდა ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დაშვება, თუ თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კონფლიქტში აშშ-თან თებერვლის ბოლომდე გარღვევა არ მოხდებოდა.

ბირთვული პროგრამა – ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობას და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (173)

მთავარი თემები