თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების სიჩქარე იკლებს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ფონ კერკჰოვენმა განაცხადა.
„ეს კარგი მომენტია, რათა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვამჩნევთ ინციდენტობის რიცხვის შემცირებას (ინფიცირების შემთხვევები - რედ.)“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
კერკჰოვენის თქმით, ამის მიღწევა უპირველეს ყოვლისა მოხერხდა იმ ღონისძიებების წყალობით, რომლებიც ვირუსის გადაცემის ჯაჭვებს წყვეტს. კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა „უმძლავრეს ინსტრუმენტად“ მან ვაქცინაცია დაასახელა.
ამასთან ჯანმოს ექსპერტმა დაჟინებით მოუწოდა იმ ქვეყნებს, სადაც COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, განაგრძონ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების გატარება.
ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა ბრიფინგზე, რომ იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც COVID-19-ზე ვაქცინაცია ჩაიტარეს, დაავადებულთა რაოდენობას გადააჭარბა. „ერთის მხრივ, ეს კარგი ამბავია და შთამბეჭდავი მიღწევაა დროის ასეთ მოკლე შუალედში. მაგრამ ამ ვაქცინაციების სამ მეოთხედზე მეტი მოდის მხოლოდ იმ 10 ქვეყანაზე, სადაც გლობალური მშპ-ს თითქმის 60%-ია თავმოყრილი“, - აღნიშნა მან.
გებრეიესუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის და მედმუშაკების ვაქცინაცია უკვე ჩაატარეს, გაუზიარონ ზედმეტი ვაქცინები სხვა ქვეყნებს, სანამ მასობრივ ვაქცინაციაზე გადავლენ.