პანდემიაზე არაფერი იცის: 19 წლის ბიჭი ათთვიანი კომიდან გამოვიდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება
რეანიმაციული განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
19 წლის ბიჭი, რომელსაც გასული წლის მარტში ავტომობილი დაეჯახა და ქალა-ტვინის უმძიმესი ტრავმების გამო ათი თვე გათიშული იყო, კომიდან გამოვიდა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ახალგაზრდა, რომელიც დაახლოებით 10 თვე კომაში იყო და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ გადაიტანა COVID–19, კომიდან გამოვიდა, თუმცა პანდემიის თაობაზე არაფერი იცის, იუწყება Guardian.

​გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც კორონავირუსმა ევროპაში ის–ის იყო შეაღწია, 18 წლის ბრიტანელ ჯოზეფ ფლავილს ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდამ ქალა–ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა. შემთხვევა ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე სამი კვირით ადრე მოხდა.

ლესტერის საავადმყოფოში მკურნალობის პერიოდში ჯოზეფი ორჯერ დაინფიცირდა ახალი ტიპის კორონავირუსით — ერთხელ კომაში ყოფნისას, მეორედ კი გამოღვიძების შემდეგ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ პალატაში მასთან შესვლა ექიმებმა პირველივე დღიდან აუკრძალეს ოჯახის წევრებს.

ახლა ჯოზეფ ფლავილი უკვე გონებაზეა, თუმცა მოვლენების გაცნობიერება უჭირს. ექიმები, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, კვლავინდებურად არ უშვებენ მასთან მნახველებს. ოჯახის წევრები ბიჭს მხოლოდ ვიდეოკავშირით ეკონტაქტებიან.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დაუშვა, ფლავილის დაბადების დღე იყო, როდესაც მას 19 წელი შეუსრულდა. ექიმებმა ჯოზეფთან დედა შეუშვეს, ოღონდ მანამდე დამცავი ეკიპირებით აღჭურვეს და შვილთან მიახლოება აუკრძალეს.

„ჯო ახამხამებს თვალებს, იღიმება, ამოძრავებს კიდურებს. სახე უნათდება, როცა ტელეფონის ეკრანზე მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ხედავს. შეიძლება ეს დიდი პროგრესი არ იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მედდას ხელის ხელზე დარტყმით ესალმება, მართლაც მიღწევაა“, — ამბობს ჯოზეფის დეიდა.

როგორც ირკვევა, ოჯახი შეეცადა აეხსნა ჯოზეფისთვის, რომ პალატაში კორონავირუსული შეზღუდვების გამო არ უშვებენ, თუმცა პანდემიის მასშტაბების თაობაზე არაფერი უთქვამთ. ასე რომ, ახალგაზრდას წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში.

გამოცემის ცნობით, ჯოზეფ ფლავილი ავარიამდე ძალიან აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ ღონისძიებებში და რომ არა ტრაგედია, გასული წლის მაისში ედინბურგის ჰერცოგის ოქროს მედალი უნდა მიეღო.

ცნობილი ხდება, რომ სანამ ბიჭი კომაში იყო, მისმა ოჯახმა კამპანია წამოიწყო სახელწოდებით „ჯოზეფის მოგზაურობა“. მათ 30 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტის შეგროვება შეძლეს, რაც ყმაწვილის რეაბილიტაციას მოხმარდება.

ყველა ახალი ამბავი
0