თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკ I ექიმებს დიეტაზე გადაჰყავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იუწყება გამოცემა The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსებმა პონტიფიკოსს დიეტა საჯდომი ნერვის ანთების, იშიაზის გამო დაუნიშნეს. მათი თქმით, წონაში დაკლება ფრანცისკს დაავადებასთან გამკლავებაში დაეხმარება.
სპეციალისტებმა პაპის რაციონიდან საერთოდ ამოიღეს ფქვილის ნაწარმი, პირველ რიგში – მაკარონი, და მას მცირე ულუფებით კვება დაუნიშნეს. მისი მენიუს ძირითადი შემადგენელი იქნება: ბრინჯი, თევზი, ზეითუნის ზეთი, ხილი და ბოსტნეული.
აღსანიშნავია, რომ დაავადების გამო რამდენიმე დღის წინ ფრანცისკ პირველს მრავალსაუკუნოვანი წესის დარღვევა მოუხდა, როდესაც კარდინალებთან აუდიენციის დროს სიტყვა მჯდომარემ წარმოთქვა.
„მე ფეხზე მდგომი უნდა გესაუბრებოდეთ, მაგრამ იცით, რომ იშიაზი ძალიან მტკივნეული დაავადებაა. ასე რომ, თუ ნებას მომცემთ, ბოდიშის მოხდით, მჯდომარე მოგმართავთ სიტყვით“, — ციტირებს გამოცემა პაპის სიტყვებს აუდიენციიდან.
ირკვევა, რომ ფრანცისკ პირველმა დაავადების გამო რამდენიმე შეხვედრა უკვე გამოტოვა. ამასთან გამორიცხული არ არის, რომ გაუქმდეს მარტში ერაყში ვიზიტიც, რომელიც კარგა ხნის წინ დაიგეგმა.