05:44 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
53210

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ის იმედებთან, სითბოსთან, საჩუქრებთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება.

ახალი წლის ჯადოსნური ღამე მსოფლიოს დიდ ნაწილს აერთიანებს და ერთ დიდ დღესასწაულში რთავს. თუმცა, არსებობს უამრავი განსხვავებული, მხიარული და უცნაური ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მას საახალწლოდ თუ საშობაოდ აუცილებლად იცავენ.

ზოგიერთი ქვეყნისთვის ახალი წლის ღამეს საფრთხობელის დაწვა ან მეგობართან ხელჩართული ბრძოლა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ჩვენთვის გოზინაყის მომზადება თუ მეკვლეობა. უფრო მეტიც, ზოგან თუ შემწვარი მუხლუხოებით პირი არ ჩაიტკბარუნეს, ახალ წელს ისე რა გემო ექნება!

დღევანდელ სტატიაში შევეცადეთ შეგვეკრიბა მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული, უცნაური და უნიკალური საახალწლო ტრადიციები.

სამხრეთ აფრიკა - შემწვარი მუხლუხოები

დიახ, თქვენ არ მოგესმათ. სამხრეთ აფრიკაში მთავარი სადღესასწაულო კერძი სწორედ შემწვარი მუხლუხოა. ის ნამდვილ დელიკატესად ითვლება, რადგან, როგორც ამბობენ, უგემრიელესია. გარდა ამისა, ნოყიერი და სასარგებლოცაა – უამრავ ცილას შეიცავს. ადგილობრივები მას საახალწლოდ უბრალოდ შემწვარს მიირთმევენ, ან პომიდვრის სოუსთან ერთად. მოკლედ, თუ საახალწლო მუხლუხოს გადაყლაპავთ, იღბლიანი წელი გელით.

 

იაპონია - თეთრი ტორტი მაწყვით და KFC

იაპონიაში წითელი და თეთრი ნამცხვარი საახალწლო სუფრის მთავარი მოვლენაა. ეს ღრუბელივით თეთრი, ფაფუკი ტორტი, რომელიც ათქვეფილი კრემითა და მარწყვითაა დაფარული, იაპონურ კულტურაში იმდენადაა ფესვგადგმული, რომ მას ფაქტობრივად ყველგან წააწყდებით – რეკლამებში, მაღაზიებში. მისი ემოჯიც კი არსებობს. თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ ტელეფონში და დარწმუნდებით. მოკლედ, იაპონური საახალწლო სუფრა ამ ტორტის გარეშე წარმოუდგენელია.

და, რა თქმა უნდა, KFC (Kentucky Fried Chicken), ანუ შემწვარი წიწილა კენტუკიდან. დიახ, დაივიწყეთ საშობაო ინდაური. მრავალი იაპონელისთვის ტრადიციული საშობაო ვახშამი სწორედ კენტუკის შემწვარი ქათამია.

ვენესუელა - გორგოლაჭებით სრიალი

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შობის ღამეს გორგოლაჭებით სრიალებენ და ეს ტრადიცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხელისუფლებას მოუწია ქუჩების დაკეტვა, რათა ყველამ შეძლოს უსაფრთხოდ სრიალი. უცნობია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ იქ საშობაო წირვაზეც კი გორგოლაჭებით მიდიან. წირვის შემდეგ კი გახუხულ პურსა და ყავას მიირთმევენ. მართლაც მხიარული და საოცარი სანახაობაა შობის ღამეს კარაკასის ქუჩებში.

ესპანეთი - წითელი საცვლები და ყურძნის 12 მარცვალი

ესპანეთს ორი უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვს. ახალი წლის ღამეს, 12 საათზე ყურძნის ზუსტად 12 მარცვალი უნდა შეჭამოთ, თან ძალიან სწრაფად – ზუსტად 12 წამში.  თითოეული მარცვალი ერთ თვეს აღნიშნავს და თუ ყველას შეჭამთ, მაშინ წარმატებული წელი „გარანტირებული“ გაქვთ.

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ წითელი საცვლის ჩაცმაც. შეიძლება ეს იყოს წინდაც. ოღონდ აუცილებელია, რომ ის სხვისგან იყოს საჩუქრად მიღებული. ვალენსიის ერთი პატარა სოფელი კი უფრო წინ წავიდა: აქ ახალი წლის ღამეს ტრადიციაა ქუჩაში მხოლოდ წითელი საცვლებით სირბილი.

ფინეთი - საუნა შობის ღამეს

თითოეული ფინელი შობის ღამეს საუნაში წასასვლელად ემზადება, რათა საშობაო სადილის მირთმევამდე კარგად დაისვენოს და განიტვირთოს. ამას აღიქვამენ, როგორც გაწმენდის შესანიშნავ გზას. ფინელები საუნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათი სიწმინდის სიმბოლოცაა.

ფილიპინები - ყველაფერი, რაც მრგვალია

ფილიპინებში მიიჩნევენ, რომ ახალი წლის სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ა.შ. ის, რაც ფორმით მონეტას ჰგავს, მათთვის კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია. მათ სჯერათ, რომ რაც უფრო მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი წელი ელით.

ფილიპინელები ტანსაცმელზეც კი ქარგავენ ან ხატავენ მრგვალ ფორმებსა და ჩუქურთმებს, რათა მომავალი წელი ფინანსურად კარგი ჰქონდეთ.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნები - ფერადი საცვლები

ახალი წლის ღამეს სამხრეთ ამერიკელები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ სიყვარულში გამართლება გინდა, წითელი საცვალი უნდა ჩაიცვა, ოქროსფერი ფინანსური წარმატების მომტანია, თეთრი ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ, ლურჯი კი ჯანმრთელობას.

ბოლივიელებს კი სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან ტრუსებს, მით უკეთესი ახალი წელი ექნებათ.

პერუ - ჩხუბის ფესტივალი

ახალ წელს პერუში მეგობრები ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ, რათა ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება და ძველი წყენაც სამუდამოდ დაივიწყონ.

პანამა - საფრთხობელის დაწვა

პანამელები მიიჩნევენ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ადამიანის ნებისმიერი გამოსახულების ნივთს დაწვავენ, მათ საუკეთესო და ბედნიერი წელი გარანტირებული ექნებათ.

ავსტრალია - იხმაურეთ ტაფებითა და ქვაბებით

ახალი წლის ღამეს დასტაცეთ ხელი ტაფებსა და ქვაბებს, გამოდით ქუჩაში და იხმაურეთ რაც შეიძლება მეტი, თუ გინდათ, რომ ახალ წელს ავსტრალიურად შეხვდეთ.

ჩილე - ღამის გატარება ახლობლის საფლავთან

საოცარია, მაგრამ ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩილელები ახლობლების სასაფლაოზე მიდიან, სხედან და ახალი წლის დადგომას ელოდებიან. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მათთვის პატივის მიგებას ნიშნავს.

ბედნიერ და მხიარულ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

 

მარიამ ბერიძე

მთავარი თემები