18:15 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
45 0 0

ევროკავშირის იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გამოკითხეს – აპირებენ თუ არა აცრას.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ევროპის ქვეყნების მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ, იუწყება სააგენტო Reuters.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპელების ვაქცინაციისადმი უნდობლობას ის მოკლე ვადები განაპირობებს, რა ვადებშიც კოვიდ–პრეპარატები შეიქმნა. მათი აზრით, ვაქცინის შექმნა–გამოშვებაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს.

მაგალითად, პოლონეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ დროისათვის კორონავირუსზე აცრას მოსახლეობის 40%-ზე ნაკლები გეგმავს. ვარშავის საავადმყოფოში, საიდანაც დაიწყო კიდეც ქვეყანაში ვაქცინაცია, აცრაზე სამედიცინო პერსონალის მხოლოდ ნახევარი ჩაეწერა.

ბულგარეთში მოსახლეობის 45% აცხადებს, რომ არ აპირებს ვაქცინაციას, ხოლო კიდევ 40% დაცდას ამჯობინებს, რათა პრეპარატის ნეგატიური გვერდითი ეფექტების არარსებობაში დარწმუნდეს.

შვედეთში, სადაც მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი მაღალია (ისევე, როგორც ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში), კორონავირუსის საწინააღმდეგი აცრის გაკეთებას სამიდან ორი ადამიანი გეგმავს.

მანამდე ორგანიზაცია IPSOS-ის გამოკითხვამ, რომელიც 15 ქვეყანაში ჩატარდა და რომლის შედეგებიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ცხადყო, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 54% თანახმა იყო ჩაეტარებინა აცრა, თუ პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება. ამ მაჩვენებელმა იტალიასა და ესპანეთში 64% შეადგინა, დიდ ბრიტანეთში – 79%, ხოლო ჩინეთში — 87%.

IFOP-ის უფრო გვიანდელმა გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ საფრანგეთში მოსახლეობის მხოლოდ 41% აპირებს ვაქცინაციის გავლას.

ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბერს დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის კამპანია Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით, რომელმაც ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) დადებითი შეფასება მიიღო.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები