11:11 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
97 0 0

ხორცსა და ხილთან დაკავშირებით პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ ბოსტნეულის დეფიციტი სამ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საკვების, წამლების და სხვა საქონლის მასშტაბურ მარაგებს ქმნიან ბრიტანული სუპერმარკეტები ამ უქმეებზე, დეტალებს ავრცელებს გამოცემა The Sunday Times.

გამოცემის ინფორმაციით, თუ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას Brexit-ზე, მომხმარებლებს პანიკა მოიცავს. Sunday Times-ის მონაცემებით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ წამლების, სამედიცინო აღჭურვილობის და ვაქცინების შემომტანები გააფრთხილა, ბრიტანეთის უსაფრთხო ობიექტებზე ექვსკვირიანი მარაგი უზრუნველყონ.

„სუპერმარკეტები და მინისტრები შეშფოთებული არიან პანიკით მომხმარებლებში. მათ ახსოვთ რაც მოხდა COVID-ის დროს, როდესაც ადამიანები დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს ყიდულობდნენ და მათ იციან, როგორ შეიძლება სწრაფად ყველაფერი აირიოს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტის უფროსმა კონსულტანტმა.

მისი თქმით, ხორცსა და ხილთან დაკავშირებით პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ ბოსტნეულის დეფიციტი სამ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

გაჭიანურებული Brexit-ი

ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან წელს გამოვიდა, მაგრამ ამას ჯერჯერობით დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია: ახლა მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, ქვეყანაში ჯერ ისევ მოქმედია ევროკავშირის ნორმები, ის კვლავ ერთიანი ბაზრის წევრია და კავშირის ქვეყნებთან საბაჟო გადასახადებისა და კვოტების გარეშე ვაჭრობს, თუმცა ამისათვის გარკვეულ პირობებს იცავს.

გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება, იმ დღის შემდეგ ეს ნორმები აღარ იმოქმედებს. ახლა ბრიტანეთი და ევროკავშირი უნდა შეთანხმდნენ ახალი პარტნიორობის პირობებზე, კერძოდ სავაჭრო ხელშეკრულება უნდა გააფორმონ.

ევროკომისია სთავაზობდა ბრიტანეთს ხელშეკრულების დადებას ყოველგვარი გადასახადებისა და კვოტების გარეშე, თუმცა გარკვეული პირობებით.  თუ ასეთი შეთანხმება ვერ მოხდება, აღდგება სასაზღვრო კონტროლი და გარკვეული ტარიფები. ჯერჯერობით მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია, არსებობს გარკვეული უთანხმოება, მათ შორის კონკურენციის წესებზე და თევზჭერის პირობებზე.

ხელშეკრულების გასაფორმებლად ცოტა დრო რჩება: ძალაში შესვლისთვის საჭიროა მისი იურიდიულად გამართვა, რამდენიმე ენაზე თარგმნა და რატიფიცირება - ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები